მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2001-07-13
ტერორიზმი საზღვრებს გარეშე

ერიდეთ ძლიერებს, შეუტიეთ სუსტებს - შეუტიეთ და სწრაფად დაიხიეთ უკან; გზა დიდი გამარჯვებისკენ პატარა გამარჯვებებზე გადის; მოულოდნელობა წარმატების აუცილებელი პირობაა... ეს მსოფლიო ტერორისტთა ბრძოლის პრინციპების მხოლოდ ნაწილია. ფაქტიურად, არ არსებობს რეგიონი ან ქვეყანა, რომელიც ტერორიზმის ზეგავლენას არ განიცდის. ტერორიზმით გამოწვეულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და, რაც მთავარია, ადამიანურ დანაკარგებს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

ტერორიზმი საქართველოსთვისაც აქტუალურ პრობლემად იქცა. ამ მხრივ საყურადღებოა პანკისის ხეობაში არსებული ვითარება, სადაც ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ტერორიზმისათვის დამახასიათებელმა ისეთმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებმა, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა, ნარკობიზნესი (ჩეჩნური ყავისფერი და ავღანური თეთრი ჰეროინი) და, რაც ყველაზე საგანგაშოა, გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცება.

პანკისის ხეობაში ადამიანის გატაცებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ამ რეგიონში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებები არ ერიდებიან თვით ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცებასაც. გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის, თბილისის ცენტრალური უბნიდან მოტაცების ფაქტი. გატაცებულია აგრეთვე საქართველოს რამდენიმე და ესპანეთის 3 მოქალაქე.

ზვიად ჩხაიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი: "ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დამნაშავენი ადამიანთა გატაცებას საკმაოდ ადვილად ახერხებენ; დაუბრკოლებლად ხდება გატაცებულ პირთა პანკისის ხეობისაკენ გადაადგილება. არსებული ინფორმაციით, ხეობაში მოქმედებენ როგორც რელიგიური, ასევე კრიმინალური ნიშნით დაყოფილი დაჯგუფებები. მართალია, ადამიანთა გატაცება ტერორისტების ჩვეულებრივი ქმედითი ღონისძიებაა, მაგრამ ქვეყნის მთავრობა პასუხისმგებელია საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე; თუ გატაცებული ოფიციალური პირია, პასუხისმგებლობა მის გასათავისუფლებლად ორმაგდება. საერთოდ, ადამიანთა გატაცება არსებითად განსხვავდება მძევლად აყვანისაგან. ჩვეულებრივ, ადამიანთა გატაცება ხდება საიდუმლოდ და გამტაცებლებს განსაზღვრული დროის განმავლობაში შეუძლიათ, არ განაცხადონ თავიანთი მოთხოვნების შესახებ. მძევლად აყვანისას კი ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ადამიანთა გატაცებისას ტერორისტი უფრო ნაკლებ რისკზე მიდის, ვიდრე მძევლად აყვანისას. კრიმინალური სახის ტერორისტული მოქმედებები ადვილად შეიძლება, გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისათვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კარგ ფონს ქმნის ამგვარი პროვოკაციებისთვის. ამ თვალსაზრისით არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს პრორუსული ორიენტაციის მქონე დაჯგუფებებიც, რომლებსაც რუსულ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი".

რუსეთი - პოლიტიკური ტერორის სამშობლო

მსოფლიო ტერორიზმის ექსპერტების თვალსაზრისით, პოლიტიკური ტერორის სამშობლოდ რუსეთი ითვლება, თუმცა ტერორიზმის "პიონერები", ამ ცნების თანამედროვე გაგებით, XIX საუკუნის იტალიელი კარაბინიერები იყვნენ. სწორედ, მათგან გადმოიღეს ორგანიზაციული მეთოდები და სტრუქტურა "ნაროდნაია ვოლიას" ექსტრემისტული ფრთის წარმომადგენლებმა, ხოლო მოგვიანებით - მემარჯვენე თუ მემარცხენე სოციალისტმა რევოლუციონერებმა. რუსი ტერორისტების ყველაზე დიდი წარმატება XIX საუკუნის ბოლოს იმპერატორ ალექსანდრე II-ზე განხორციელებული თავდასხმა იყო, რითაც ტერორისტებმა მოახერხეს, მძლავრი დარტყმა მიეყენებინათ სახელმწიფოს პოლიტიკური სტრუქტურისათვის.

გავიხსენოთ ისტორიიდან: რუსი ტერორისტების ხელით დაიღუპა ქვეყნის პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, სტოლიპინი (1911 წ.). რა თქმა უნდა, ტერორისტები ვერ მოახერხებდნენ ცნობილ პოლიტიკოსზე თავდასხმების განხორციელებას საიდუმლო პოლიციის აქტიური მხარდაჭერის გარეშე: ესერთა სამხედრო სტრუქტურას მეფის "ოხრანკის" აგენტი, აზეფი, მეთაურობდა, სტოლიპინი კი საიდუმლო პოლიციის თანამშრომელმა ბოგროვმა დაჭრა სასიკვდილოდ.

ზვიად ჩხაიძე: "საბჭოთა კავშირის პერიოდში ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა არაერთი ტერორისტული აქტი. მაგალითად, სუკის მომავალმა გენერალმა, სუდოპლატოვმა, როტერდამში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატენილი კანფეტების ყუთი "მიართვა" უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერს, კონოვალეცს (1938 წ.); რამონ მერკადერმა მეხიკოში მოკლა ლევ ტროცკი, რისთვისაც მას საბჭოთა კავშირის გმირობის წოდება მიენიჭა (1940 წ.). სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტული აქტების მრავალი შემთხვევა, თუმცა, ამასთან ერთად, კრიმინალური ტერორიზმი რუსეთისთვისაც ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად იქცა".

სტატისტიკური მონაცემებიდან: 1991 წლისათვის ყოფილ სსრკ-ში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 1500 ადამიანი, მათ შორის, 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკი; დაიჭრა 10 000 კაცზე მეტი.

თუ 70-80-იან წლებში ტერორისტები უმეტესად ცალკეულად მოქმედი, ხშირად კი, ფსიქიკურად დაავადებული ფანატიკოსები იყვნენ, 90-იან წლებში ჩამოყალიბდა მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც ემზადებოდნენ შეიარაღებული (ფაქტიურად, ტერორისტული) ბრძოლისათვის. 1990-1993 წლებში მოხდა სერიოზული ცვლილებები ტერორისტთა შეიარაღებასა და ბრძოლის ტაქტიკაში. ზვიად ჩხაიძის თქმით, თუ ადრე ტერორისტები იყენებდნენ თვითნაკეთ ცეცხლსასროლ იარაღს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ახლა მათ გაუჩნდათ უახლესი შეიარაღება. ამ ფაქტმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოები ახალი ამოცანების წინაშე დააყენა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბრძოლამ კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

ისევ სტატისტიკიდან: ექსპერტთა აზრით, 1994 წლისათვის უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების რიგებში ირიცხებოდა 200-300 ათასი კაცი, რაც დაახლოებით სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა რიცხვს უტოლდებოდა.

1992 წლიდან რუსეთში ფართო გავრცელება ჰპოვა ე. წ. "ქილერობამ", ანუ შეკვეთილმა მკვლელობამ. ტერორისტების საბრძოლო-პროფესიონალური მომზადების დონე ამ პერიოდისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ზვიად ჩხაიძე: "აღსანიშნავია, რომ რუსეთში ტერორიზმის აქტივიზაციის პერიოდში (1991-1994 წ.წ.) განხორციელდა არასაკმარისად გაანალიზებული და არარაციონალური რეფორმები არმიასა და სამართალდამცავი ორგანოების სისტემებში, რაც, შესაძლებელია, გამოწვეული იყო საზოგადოებრივი საფრთხის არაადეკვატური შეფასებით. სწორედ, ამის შედეგად ტერორიზმმა რუსეთში საკმაოდ სოლიდური "ფორა" მიიღო სამართალდამცავებთან შედარებით: 1992-1994 წლებში ფსბ-სა და შსს-ს ოპერთანამშრომელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამავე დროს, 1995 წლისთვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა 63 %-ის ოპერატიული სტაჟი 5 წელს არ აღემატებოდა. რუსული ტერორიზმის დახასიათებისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ რუსეთში ორგანიზებული დამნაშავეობის უპრეცედენტო ზრდის ტენდენცია, რომელთა ქმედებებს ხშირ შემთხვევაში ტერორიზმის ელფერი აქვს. კერძოდ, შეკვეთილი მკვლელობები (მაგალითად, ვლადისლავ ლისტევის მკვლელობაში "სოლნცევოს" დაჯგუფებაა ეჭვმიტანილი); აფეთქების ორგანიზება; გარკვეულ პირთა მძევლად აყვანა, დაშინება ან ფიზიკური ლიკვიდაცია".

ბოლო პერიოდში რუსეთში აქტუალური გახდა მემარცხენე - რადიკალურ დაჯგუფებათა ტერორიზმის პრობლემა. მემარცხენე-რადიკალები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ 1997 წელს, როდესაც დაფიქსირდა მათ მიერ განხორციელებული მრავალი დივერსიული აქტი. ზვიად ჩხაიძის აზრით, მემარცხენე მოძრაობის აქტივიზაციას ხელი შეუწყო 1990 წლის მეორე ნახევარში აღნიშნულ მოძრაობაში ახალგაზრდების დიდი რაოდენობის ჩაბმამ. დღესაც ისინი მცირე დაჯგუფებების საშუალებით ახორციელებენ ტერაქტებს, რომლებიც გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებენ. ტერორისტები იყენებენ მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელ მოწყობილობებს.

რუსული მემარცხენე-რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციებიდან ძირითადად ორი არის აღსანიშნავი:

"ახალგაზრდული რევოლუციური კომუნისტური კავშირი". ხელმძღვანელი - იგორ გუბკინი. მიზანი: რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწყობა და პროლეტარიატის დიქტატურის დაწესება საბჭოთა ხელისუფლების ფორმით; მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ჩამოყალიბება. იდეოლოგია: მემარცხენე-რადიკალიზმი. შტაბბინა: ქ. მოსკოვი. სტრუქტურა: შეიარაღებული დაჯგუფება; რაოდენობა: 500 კაცი; ბრძოლის მეთოდი: შენობა-ნაგებობების აფეთქება; განხორციელებული ტერაქტები: 1997 და 1999 წლებში.

"ახალი რევოლუციური ალტერნატივა". მიზანი: პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება; იდეოლოგია: მემარცხენე რადიკალიზმი; შტაბბინა: ქ. მოსკოვი; სტრუქტურა: შეიარაღებული დაჯგუფება; რაოდენობა: 80-100 კაცი; ბრძოლის მეთოდი: შენობების აფეთქება; განხორციელებული ტერაქტები: 1996-1997 წლები.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მეტად თავი იჩინა სხვადასხვა სახის რელიგიურმა და ეთნიკურმა შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა, რომელთაც, ძირითადად, პოლიტიკური მოთხოვნები უდევს საფუძვლად.

საქართველოს სინამდვილე - ტერაქტების უახლესი ისტორიიდან

ჩვენს ქვეყანაში საშიშროებას წარმოადგენს რადიკალურად განწყობილი ძალები, რომელთა ნაწილი ტერაქტების საშუალებით ცდილობდა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ექსპერტების აზრით, ეს დაჯგუფებები აქტიურად იყენებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი პროფესიონალი ტერორისტების შესაძლებლობებს. კომპეტენტური ორგანოები დღესაც იმ აზრს იზიარებენ, რომ 1998 წელს საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობა მიიღეს ჩრდილო კავკასიური წარმოშობის პირებმაც, ხოლო თავად ჯგუფმა კი მომზადება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ბოევიკთა ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე გაიარა.

საქართველოში განხორციელებული გახმაურებული ტერაქტებია:

ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტები (1995 წელი, 1998 წელი); გენერალ გია გულუას მკვლელობა; ეროვნულ-დემკორატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას, მკვლელობა; დემოკრატიისა და აღორძინების ფონდის თავმჯდომარის, სოლიკო ხაბეიშვილის, მკვლელობა; თბილისის პროკურორის, მიხეილ ქურდაძის, მკვლელობა; "მხედრიონის" ლიდერის, ჯაბა იოსელიანის, მკვლელობის მცდელობა; "მხედრიონის წევრების": ვეფხვაძის, სვანიძის, ტალახაძის მკვლელობა.

ტერორიზმი საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში

დღემდე მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი. იქ განვითარებულმა მოვლენებმა და საბრძოლო მოქმედებებმა სათავე დაუდეს რეგიონში სხვადასხვა სახის უკონტროლო შეიარაღებული დაჯგუფებების, ტერორისტული ორგანიზაციებისა და ცალკეული ტერორისტების თავმოყრას.

ზვიად ჩხაიძე: "ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის დახასიათებისას უნდა განვიხილოთ "ჩეჩნური ტერორიზმი", რომელმაც XX საუკუნის ბოლოს იჩინა თავი. 1991-1994 წლებში იგი კრიმინალურ ხასიათს ატარებდა. ტერორისტებს არ გააჩნდათ პოლიტიკური მოთხოვნები და, როგორც წესი, ადამიანის მძევლად აყვანა ხდებოდა იარაღისა და ნარკოტიკების გამოძალვის მიზნით. მაგრამ 1994-1996 წლებში კრიმინალურთან ერთად ჩნდება "ჩეჩნური ტერორიზმის" სხვა სახის გამოვლინებებიც - ადამიანების მასობრივი გატაცება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით და ტერორი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების სახით. ამავე წლებში "ჩეჩნური ტერორიზმი" საერთაშორისო ხასიათს იღებს: ამას ადასტურებს თუნდაც, ჩეჩენი ტერორისტების მიერ რუსულ ხომალდ "ავრასიას" ხელში ჩაგდება ტრაბზონში. 1996 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩნეთის ტერიტორია დატოვეს, მსხვილმასშტაბიანი ტერორისტული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა შემცირდა. ტერორიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმად იქცა რუსი და უცხოელი ჟურნალისტების, აგრეთვე, ჩეჩნეთში ჰუმანიტარული მისიით მყოფი უცხოელების გატაცება. განხორციელდა რამდენიმე პროვოკაციული მკვლელობა: 1996 წელს "წითელი ჯვრის" ორი ექიმის მკვლელობა და სხვა. პერიოდულად ხორციელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და სამოქალაქო პირების გატაცება ინგუშეთისა და დაღესტნის ტერიტორიებიდან. აღნიშნულ ოპერაციებს გეგმავდა და ახორციელებდა იორდანიელი ტერორისტი ამირ ალ ხატაბი".

ჩეჩნური ტერორიზმის პოლიტიკური ხასიათი

1999 წლის ზაფხულში გააქტიურებულმა ისლამისტმა ექსტრემისტებმა განახორციელეს რეიდები დაღესტნის ტერიტორიაზე. ჩეჩნური დაჯგუფებები შამილ ბასაევისა და ხატაბის მეთაურობით შეიჭრნენ დაღესტნის ცუმადინის და ბოთლიხის რაიონებში. ექსტრემისტებმა გააკეთეს განცხადებები დაღესტნის ტერიტორიაზე "დაღესტნის ისლამური მეჯლისი-შურას" და დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ამის მერე დაღესტნის ტერიტორიაზე მოხდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების კონცენტრირება. მათ შეძლეს რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექსტრემისტების გაძევება.

ზვიად ჩხაიძე: "საომარ მოქმედებათა მეორე ეტაპი განვითარდა დაღესტნის კადარის ზონის სოფლებში. სოფლები კარამახი და ჩაბანმახი, რომლებსაც ვაჰაბიტები აკონტროლებდნენ, გადაიქცა დაღესტანში ისლამური ექსტრემიზმის საყრდენ პუნქტად. რუსულ ჯარებს კი შეტაკება მოუხდათ როგორც ადგილობრივ ვაჰაბიტებთან, ასევე ჩეჩენ მოჯაჰედებთან. პარალელურად ბრძოლები მიმდინარეობდა ნოვოროსიისკის რაიონში. ხატაბისა და ბარაევის დაჯგუფებები ხასავიურტისაკენ ცდილობდნენ გასვლას, მაგრამ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მათი შეჩერება. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩენი ტერორისტები დიდ მატერიალურ დახმარებას იღებდნენ საერთაშორისო ისლამური ორგანიზაციებისგან. მაგალითად, საერთაშორისო ტერორისტ ბენ ლადენის მხრიდან ფინანსური დახმარება 25 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა".

ისლამისტებმა ბრძოლის ტერორისტული მეთოდები რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენეს. მათ მიერ 1999 წელს განხორციელებულ მსხვილ ოპერაციათა შორის აღსანიშნავია აფეთქება ვლადიკავკასის საკოლმეურნეო ბაზარში (დაიღუპა 64 ადამიანი), აფეთქება ბუინაკსკში (დაიღუპა 60 ადამიანი) და 2 აფეთქება მოსკოვში (დაიღუპა 120 ადამიანი).

თუმცა, ალბათ, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებათა მეორე ეტაპის მსვლელობის პროცესში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების წინააღმდეგ ჩეჩნების მიერ განხორციელებული მოქმედებები უფრო "პარტიზანული ტერორიზმის" განსაზღვრების ჩარჩოებში ექცევა.

ცნობისათვის: 1999 წელს მეორე საომარი კამპანიის დაწყებამდე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებობდა 300-მდე არაკონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირება, რომელთა შემადგენლობა მერყეობდა 80-დან 800 კაცამდე. თითოეულს ჰყავდა დამოუკიდებელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ფარული ოპერატიულ-ტექნიკური და ტაქტიკური ავტონომია. მათ შორის: საკუთარი შეიარაღება, საბრძოლო კომპლექტები, მართვისა და ზურგის უზრუნველყოფის შიდა სისტემა და დამოუკიდებელი სპეცსამსახურები.

ტერორიზმი და ტერორისტთა საქმიანობის მოტივები

ტერორი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შიშს, საშინელებას. არსებობს ტერორიზმის რამდენიმე განსაზღვრა, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის უნივერსალური, ამიტომ ჩვენ არ დავკონკრეტდებით რომელიმე მათგანზე. ამერიკის შეერთებული შტატების "საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ მოხსენების" თანახმად, დღეისთვის მსოფლიოში მოქმედებს 500-მდე მსხვილი ტერორისტული ორგანიზაცია. მათ ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტები აქვთ, რაც ინფორმაციის გაცვლაში, ტერორისტული აქტების მომზადებასა და მათ ფინანსურ უზრუნველყოფაში გამოიხატება.

ზვიად ჩხაიძე: "ტერორიზმის საერთაშორისო ექსპერტები ნარკობიზნესსა და ტერორიზმს ერთ კონტექსტში განიხილავენ, რადგან ნარკობიზნესიდან შემოსული ფული ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ტერორისტული დაჯგუფებები ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის საფასურს იღებენ მსხვილი ნარკოკარტელებისათვის კუთვნილი ნათესებისა და საწარმოო ლაბორატორიების დაცვაში, ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში".

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფებების სტრატეგია ძირეულად შეიცვალა და იგი მხოლოდ ტერორისტული აქტების მოწყობით არ შემოიფარგლება. ზოგიერთ დაჯგუფებას აქვს როგორც ტერორისტული, ასევე პოლიტიკური ელფერი: ისინი უზრუნველყოფენ სოციალურ საკითხებს, დაკავებულნი არიან ბიზნესით, მონაწილეობას იღებენ არჩევნებში."შრომის ასეთი განაწილება" საშუალებას აძლევს ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, უარყონ თავიანთი მონაწილეობა ტერორისტულ აქტებში. მაგრამ პოლიტიკოსები ყოველთვის ვერ აკონტროლებენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

ყველაზე გახმაურებული ტერაქტი სომხეთში

1999 წლის 27 ოქტომბერს სომხეთის ეროვნული კრების სხდომათა დარბაზში შეიჭრა სამი შეიარაღებული პირი პარტია "დაშნაკცუტიუნის" ერთ-ერთი წევრის, ნაირ უნანიანის, ხელმძღვანელობით. მათ გახსნეს ცეცხლი კრების წევრების მიმართულებით. შემდეგ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია: დაიღუპა 4 ადამიანი - პარლამენტის თავმჯდომარე, კარენ დემირჩიანი, მისი მოადგილეები: იური ბახშიანი და რუბენ მიროიანი, პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ სარქისიანი. სომხეთის ეროვნულ კრებაზე განხორციელებულმა ტერაქტმა დიდი გავლენა იქონია ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, თუმცა, ტერორისტების განცხადებით, მათ მხოლოდ შური იძიეს და არ ისახავდნენ რაიმე პოლიტიკურ მიზნებს და არც რაიმე მოთხოვნები ჰქონდათ.

ზვიად ჩხაიძე: "სომეხი და უცხოელი ექსპერტების უმრავლესობა მომხდარ ფაქტს ტერაქტად მიიჩნევს. მიმომხილველების ნაწილი ამ ტრაგედიას იმ პერიოდში სომხეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და ამიტომ ტერაქტი ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამოვლენად მიიჩნიეს. აღსანიშნავია, რომ ტერორისტების მეთაური, უნანიანი, "დაშნაკთა" პარტიის აქტიური წევრი იყო. თავის დროზე პრეზიდენტმა ტერ-პეტროსიანმა "დაშნაკთა" პარტია ტერორიზმის ბრალდებით აკრძალა. "დაშნაკები" დღემდე "სომეხი ერის მტრების" ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ. ყველაზე მეტად ტერაქტის პოლიტიკურ ელფერზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის რეაქცია მიუთითებს. ბოლო დროს სარქისიანი თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და სამინისტრო მის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებისა და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ტერაქტი სახელმწიფო გადატრიალებად აღიქვა".

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სარქისიანისა და დემირჩიანის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ედო საფუძვლად და იგი სომხეთის რადიკალურ-ნაციონალისტური ძალების შეკვეთით განხორციელდა, რაც მის თანმხლებ პროცესებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასად შეიძლება, მივიჩნიოთ.

განვიხილოთ სომხური ტერორისტული ორგანიზაცია: ასალა - სომხური საიდუმლო არმია სომხეთის გათავისუფლებისათვის.

ეს რადიკალური მემარცხენე ორიენტაციის სომხური დაჯგუფება 1975 წელს დაარსდა. დამაარსებელი: აკოფ აკოფიანი; მიზანი: აიძულოს თურქეთის მთავრობა, აღიაროს 1915 წელს სომეხთა გენოციდი; მოქმედების ადგილი: დასავლეთი ევროპა, აშშ, შუა აღმოსავლეთი, ლიბანი, სომხეთი; რაოდენობა: 400-მდე წევრი; ბრძოლის მეთოდი: შენობების აფეთქება, ადამიანთა გატაცება; დაფინანსება: სირია, ლიბია, უცხოეთში არსებული სომხური დიასპორა, პალესტინის ზოგიერთი რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება; განხორციელებული ტერორისტული აქტები: 1980 წელი, 1983 წელი, 1992 წელი; გეოგრაფიული არეალი: ტერაქტები ხორციელდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ტერორიზმი აზერბაიჯანში

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული ტერორისტული აქტი, თუმცა, ზვიად ჩხაიძის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ცენტრი, რომელსაც კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათ ბოევიკებს უწევდა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. მაგრამ, თუ აქამდე ოფიციალურ ბაქოს ბრალი ედებოდა ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერაში, რუსეთის ხელისუფლებისთვის 2000 წლის სექტემბერში 6 დაღესტნელი ტერორისტის გადაცემის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერების დამოკიდებულება ოფიციალური ბაქოს მიმართ.

ზვიად ჩხაიძე: "აზერბაიჯანში 2000 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა პარტია "მუსავატის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მეხტი ჰუსეინლის მიერ პოლიტიკური მოტივებით თვითმფრინავის გატაცების მცდელობას, რაც ხელისუფლებამ სრულად გამოიყენა პარტია "მუსავატის" წინააღმდეგ ფართო პროპაგანდის წამოსაწყებად. ამ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს გაზეთ "იენი მუსავატის" მთავარი რედაქტორი, რაუფ არიფ ოღლი აბასოვი".

განვიხილოთ აზერბაიჯანული ტერორისტული ორგანიზაცია - "ჯეიშულაჰი". ეს ორგანიზაცია 2000 წლის ოქტომბერში გაასამართლეს. "ჯეიშულაჰი" ("ალაჰის არმია") შეიქმნა 1996 წელს. ხელმძღვანელი: მუბარიზ ალიევი; მიზანი: ბრძოლა ისლამის სიწმინდისთვის; იდეოლოგია: რელიგიური ექსტრემიზმი; მოქმედების ადგილი: აზერბაიჯანი; შტაბბინა: ქ. ბაქო; სტრუქტურა: შეიარაღებული დაჯგუფება; რაოდენობა: 25 წევრი; ბრძოლის მეთოდი: აფეთქება, შეიარაღებული თავდასხმა ობიექტებზე; დაფინანსება: მოსახლეობის ძარცვა; განხორციელებული ტერაქტები: ძირითადად, 1999 წელს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, ხოლო 12 წევრს - თავისუფლების აღკვეთა 4-დან 12 წლამდე. ამჟამად "ჯეიშულაჰის" რამდენიმე წევრი ძებნაში იმყოფება. ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულმა ტერაქტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას არა მარტო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, არამედ - მთლიანად სახელმწიფოს შიდა სტაბილურობისათვის.

ტერორიზმი საზღვრებს გარეშე

სადაზვერვო მონაცემების კონკრეტულად შესწავლისა და ანალიზის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეადგინა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა ჩამონათვალი მათ წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზნით. ზვიად ჩხაიძის თქმით, ასეთი გზით ამერიკის მთავრობა ცდილობს, იზოლირება გაუკეთოს მსგავს სახელმწიფოებს იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც გმობენ და უარყოფენ ტერორიზმს, როგორც პოლიტიკურ იარაღს. საერთოდ, მსოფლიო ტერორიზმის საშიშროება მომდინარეობს სამხრეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან, სადაც ტერორისტები დაუსჯელად მოქმედებენ. მაგალითად, სამხრეთ აზიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ავღანეთი, რომლის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს მოძრაობა "თალიბანი" აკონტროლებს.

ზვიად ჩხაიძე: "ავღანეთი თავშესაფარს აძლევს მრავალ ცნობილ ტერორისტს, მათ შორის, უსამა ბენ ლადენსაც. ტერორიზმთან დამოკიდებულებაში გაურკვეველი პოზიცია უჭირავს პაკისტანსაც. ეს სახელმწიფო შედარებით ლიბერალურად ეპყრობა ამ კატეგორიის დამნაშავეებს. ტერორიზმთან მიმართებაში პაკისტანის მსგავსი პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოებს ე. წ. ქოლგის ქვეყნებს უწოდებენ. ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს ტერორიზმის დამფინანსებელი ორი სახელმწიფო - ირანი და სირია. ირანის უშიშროების ინფორმაციის სამინისტრო და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევენ ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა "პაკისტანის ისლამური ჯიჰადი", "ჰამასი", "ჰესბოლა". როგორც წესი, ტერორისტული საქმიანობის პირველ ეტაპზე ყველა ტერორისტული ორგანიზაციის და დაჯგუფების მიზანი ყურადღების მიპყრობა და მძლავრ ორგანიზაციად აღიარების სურვილია. ტერორისტები, რომლებსაც სურთ აღიარების მოპოვება, ახორციელებენ ტერაქტებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყურადღების მიპყრობის მიზნით".

ცნობისათვის: პროირანული ექსტრემისტული დაჯგუფების, "ჰესბოლას", სულიერი ლიდერი არის სეიდ მუჰამედ ჰუსეინ ფადლალა. ჰყავს 8 ათასამდე მებრძოლი. ყოველი მათგანი თვეში მინიმუმ 400 აშშ დოლარამდე იღებს. "ჰესბოლა" ისლამური ექსტრემიზმის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელია, რომელმაც არაერთხელ გაამწვავა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. 80-იან წლებში ამ ორგანიზაციამ პირველმა დაიწყო თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენება. "ჰესბოლას" მიერ გამოყენებული ბრძოლის მეთოდების ავტორად ითვლება ადამიანი ფსევდონიმით "ჰაჯ - ჰალილი" - მოქმედების ოსტატი.

ცნობილია, რომ ისლამური რელიგიის მიმდევართა რიცხვმა 50-ზე მეტ ქვეყანაში მილიარდს გადააჭარბა. გარდა ამისა, მუსულმანური თემები არსებობენ მსოფლიოს 120 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ექსპერტთა აზრით, მსოფლიო დესტაბილიზაციის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს ძალად დღეს ისლამური რადიკალიზმი გვევლინება, რომელმაც, ფაქტიურად, მემარცხენე რადიკალიზმის ადგილი დაიკავა. თუმცა, ამ ორ ძალას შორის უდიდესი განსხვავებაა: თუნდაც იმაში, რომ ისლამი შეურიგებელია კომუნისტური დოქტრინისადმი, ისევე, როგორც მარქსიზმისათვის მიუღებელია რელიგიური მსოფლმხედველობა. როგორც წესი, ისლამისტი ექსტრემისტების მოქმედებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არც ერთი ქვეყანა, თუნდაც საკუთარ ტერიტორიაზე.

სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის გარდა, სეპარატისტული სენით შეპყრობილია ევროპის ქვეყნებიც. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდია. "ირლანდიის რესპუბლიკური არმია" (IღA) კათოლიკების შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც გამოდის ოლსტერის ირლანდიასთან შეერთების ლოზუნგით. ამ ორგანიზაციამ არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 1914 წელს განაცხადა. არსებობს კიდევ ერთი დაჯგუფება - "ირლანდიის გამათავისუფლებელი არმია", რომელიც კათოლიკური სამხედრო დაჯგუფებაა და IღA-ს 1970 წელს გამოეყო. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

კათოლიკე სეპარატისტების წინააღმდეგ მათივე მეთოდებით იბრძვიან პროტესტანტებიც, რომლებიც გამოდიან ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთის შემადგენლობაში დატოვების იდეით. "ოლსტერის მოხალისე ძალები" - პროტესტანტების ეს სამხედრო დაჯგუფება 1966 წელს შეიქმნა. არის კიდევ ერთი პროტესტანტთა უმსხვილესი დაჯგუფება "ოლსტერის განმათავისუფლებელი მებრძოლები", რომელმაც თავისი არსებობის შესახებ 1972 წელს განაცხადა.

ევროპაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია, აგრეთვე, ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია - EთA, რომელიც 1959 წელს დაარსდა. იგი გამოდის პროკომუნისტური ლოზუნგებით და მიზნად ისახავს ბასკების ეროვნული სახელმწიფოს შექმნას და საფრანგეთის პროვინცია - ნავარის - მიერთებას.

მაგრამ, ზვიად ჩხაიძის თქმით, საყურადღებო ის არის, რომ, ევროპელი ტერორისტებისგან განსხვავებით, ისლამისტ ტერორისტებს ზურგს უმაგრებს არა მარტო ტერორისტული მოთხოვნები, არამედ ისლამის, როგორც საყოველთაო რელიგიის, გამარჯვება სხვა რელიგიებზე და, აქედან გამომდინარე, დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ "არამართლმორწმუნეებს".

ტერორიზმთან ბრძოლა ყველა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ქვეყნის სპეცსამსახურების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. მაგრამ ისტორიამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტერორისტების წინააღმდეგ ადეკვატური ზომების მიღება მხოლოდ ზრდის ადამიანთა მსხვერპლს ორივე მხრიდან და დროებით მოპოვებული წარმატების შემდეგ უფრო მეტი სისასტიკით ახლდება ტერაქტთა სერია. ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული მრავალი საერთაშორისო აქტი არსებობს. რაც შეეხება საქართველოს, იგი 1994 წლის 4 მაისს შეუერთდა ტერორიზმთან ბრძოლის ტოკიოს, ჰააგის და მონრეალის კონვენციებს. საქართველოში და მის გარშემო არსებული სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით აღნიშნული თემა ჩვენი ქვეყნისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ აუცილებელია შესაბამისი მოქნილი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რომელიც გარკვეულწილად გააადვილებს ტერორიზმთან ბრძოლას და შექმნის ტერორიზმისაგან გამოწვეული დანაკარგების, რაც მთავარია, ადამიანური დანაკარგების, თავიდან აცილების წინაპირობას.

ავტორი: ნინო მუსერიძე


კალენდარი
სექტემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი